ევროპიდან ევროპისკენ - გზა, რომელიც საქართველომ წარმატებით გაიარა. დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ.
ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმავალ მგზავრთა პირველ ნაკადს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეუერთდა. უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მეთაური სიმბოლური ვიზიტით 28 მარტს უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქს - ათენს და ევროპის პოლიტიკურ ცენტრს - ბრიუსელს ეწვევა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტით თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში საკონტროლო ზონა უკვე გაიარა. წინ არის გზა ევროპისკენ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წამომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად გაივლის.
"ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტი, რომლითაც მე დღეს მივემგზავრები ევროპაში,"-ამ სიტყვებით მიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მათ საქართველოს მოქალაქის პასპორტი აჩვენა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ისტორიული მოვლენა უწოდა.