საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს და შავი ზღვის აუზსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციით გამოწვეულ საფრთხეებზე იმსჯელეს.მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს აქტიური ჩართულობის შესაძლებლობები განიხილეს.
დავით რაქვიაშვილმა სერ გარი ჯონსონსონს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიზისების ეფექტური მართვის საკითხებს. ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს მდივნისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საბჭოს აპარატის მიერ ინიცირებული „თბილისის სტრატეგიული დისკუსიებისა“ და საჯარო ციკლის - „საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა“ - მიმდინარეობის შესახებ.
გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული სტრატეგიული ურთიერთობებისა გაღრმავების პერსპექტივებზე მსჯელობისას განსაკუთრებით აღინიშნა ბრიტანეთისა და საქართველოს უშიშროების საბჭოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობა.
შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია ესწრებოდა.