საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ საქართველოს ამბიციაა, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს, რისთვისაც საჭიროა, ქვეყანა პრაქტიკული თვალსაზრისით, მაქსიმალურად მოემზადოს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა და ევროპული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გამოხატული უდიდესი ნდობისა და მხარდაჭერის შემდეგ, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დღევანდელ გლობალურ და ცვალებად სამყაროში უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეები ევროპის ტერიტორიაზე მარტივად მოგზაურობდნენ, ვინაიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლა თავისუფალ სამყაროში დაუბრკოლებელ გადაადგილებას ნიშნავს.
„უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის.
ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება ერთ-ერთია იმ ხელშესახებ სიკეთეთაგან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შედეგად ღებულობენ. სასიხარულოა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი სწორად აღიქვამს ევროკავშირს, მის ჭეშმარიტ ღირებულებებს და მასთან დაახლოების შედეგად მიღებულ სარგებელს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს თანამემამულეებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ევროკავშირის კონკრეტული პროექტების, პროგრამებისა და დახმარების შესახებ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ხორციელდება და მომავალში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე შეფასებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებული თანამშრომლობა ცხადყოფს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ინტერესები სინქრონიზებულია და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, რაც საფუძველია იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
ხვალიდან, საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება. ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.