საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 28 მარტს სტუდენტებთან ერთად, ჯერ ათენში, შემდეგ კი, ბრიუსელში მიემგზავრება.
,,ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები საქართველოში 26 მარტს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე ყველა საკანონმდებლო პროცედურა დასრულებულია. კვირიკაშვილმა ამ კუთხით, საბაჟო კონტროლის სისტემის ამოქმედებაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერი ამბობს, რომ შენგენის ქვეყნებში ვიზიტიდან 3 თვის გასვლის შემდეგ თუ საქართველოს მოქალაქე არ დაბრუნდება სამშობლოში, საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ინფორმაციას მიაწვდიან. პირველად უკან დაბრუნების შემთხვევას მთავრობა დააფინანსებას, შემდეგ კი კანონის დამრღვევ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდა თავად მოუწევს. „დღეს, როდესაც ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება. ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას საბაჟო–გამსვლელ პუნქტებზე და როდესაც ადამიანი გაემგზავრება ევროპის მიმართულებით, უვიზო მიმოსვლის პროცედურებით გათვალისწინებული სამი თვის გასვლის შემდეგ, ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი და მოხდება იუსტიციისა და შს სამინისტროების ინფორმირება, რომ ესა თუ ის პიროვნება განსაზღვრულ ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში. ჩვენ ცირკულარით გავაგზავნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციას და ჩვენი მხრიდან პროაქტიურად დავიწყებთ ამ ადამიანის მოძიებას, იმისათვის რომ მოხდეს რეადმისიის პროცედურის დაწყება. რა თქმა უნდა, ამ ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო შემდგომში თავად დამრღვევ პიროვნებას დაეკისრება ეს ხარჯი,“–განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, 28 მარტს გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან ერთად ევროპული კულტურის უძველეს ქალაქს ათენს მოინახულებს, რის შემდეგაც ბრიუსელს ესტუმრება. „ სტუდენტებთან ერთად, მივემგზავრები ჯერ ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღვნიშნოთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება–ეს უმნიშვნელოვანი მოვლენა და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს,”– დასძინა საქართველოს პრემიერმინისტრმა.
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლას, 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში ყოფნას, 28 მარტიდან შეძლებენ.