საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს.
მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ამერიკის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან კონგრესმენ ტედ პოსთან.
შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და წარმომადგებლობით პალატაში მეგობართა ჯგუფის საქმიანობისთვის. მათ შორის მიმდინარე წლის მარტში კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის საკითხზე მოსმენისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადების გაკეთებისთვის.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. კონგრესმენმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას, ქართულმა მხარემ ინფორმაცია მიაწოდა კონგრესმენს იმ საფრთხეების შესახებ, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას და ცხინვალის რეგიონში მოსალოდნელ ე.წ. რეფერენდუს მოჰყვება.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ინტენსიური ხასიათი, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე.