საქართველოს გზებზე გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა. არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, არასწორი მანევრირება, გადაჭარბებული სიჩქარე და მობილურ ტელეფონზე ლაპარაკი - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც ყოველწლიურად 600-მდე ადამიანი იღუპება, 10000-ზე მეტი კი მძიმე ტრავმას იღებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასწრაფოდაა გასამკაცრებელი კანონი, რომლის ძალითაც აღიკვეთება მსგავსი შემთხვევები, თუმცა ამ მხრივ პარლამენტი არ ჩქარობს.
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციის წევრებიც, ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მათი მტკიცებით, გარდა იმისა, რომ არ ხდება ავარიის მიზეზების საფუძვლიანი კვლევა, ასევე დამრღვევი მძღოლები ხშირად არ ისჯებიან.