საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყებამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა.
"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღეს რუსული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს გავლით, ტრანზიტული დანიშნულებით სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა. თავდაცვის სამინისტრო გასცემს ნებართვებს სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე, თუმცა ამ შემთხვევაში, მსგავსი ნებართვა არ გაცემულა. მოგახსენებთ, რომ სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე წლებია, არც სომხეთიდან და არც რუსეთიდან თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავთ და შესაბამისად, არც ნებართვა გაცემულა," - ნათქვამია განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელზეც სატვირთო მანქანებია გამოსახული. პარტიის თქმით, ესაა რუსულ ნომრებიანი ტრაილერები, რომლებსაც სამხედრო ტექნიკა მიაქვთ სომხეთის მიმართულებით.