საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს-უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის მნიშვნელობას.
აპრილში უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ერთობლივი ბიზნესფორუმი, სადაც ქართველ ბიზნესმენებთან ერთად 50 მსხვილი უნგრული კომპანიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
გიორგი კვირიკაშვილმა და პიტერ სიიარტომ ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების აუცილებლობაზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება.
საქართველოს პრემიერმინისტრმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, უნგრეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს.