რუსეთის პოლიტიკა ორიენტირებულია ფაქტობრივ ანექსიაზე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მიხეილ ჯანელიძე, რუსეთის პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ იმ განკარგულებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საჯარისო ნაწილები, რუსეთის სამხედრო ძალების შემადგენლობაში შევიდნენ.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა განცხადება აფხაზეთში S 300 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების დამატებითი კომპლექტების შეტანაზეც გააკეთა.
„სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების გაერთიანების კუთხით, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ფაქტობრივ ანექსიაზე და არ არის ორიენტირებული უსაფრთხოებაზე და მშვიდობაზე. ასევე ის ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა აფხაზეთში S 300 ტიპის საზენიტო სარაკეტოს სისტემების დამატებით კომპლექტების შემოტანასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია მშვიდობის უზრუნველყოფაზე.
"ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო სამართლისა და პრინციპებისადმი პატივისცემა იქნეს უზრუნველყოფილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება. განიხილება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, ქვეყნებს შორის კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.