საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებისთვის გვერდის ავლის მცდელობა კიდევ უფრო გაამწვავებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას.
,,მე დავინახე სიმპტომები იმისა, რომ იმ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი იმის თაობაზე, ხომ არ არის შესაძლებლობა სხვა გზით რაიმე გაკეთდეს. მე მინდა დავიჯერო და ამ წუთის მდგომარეობით მჯერა, რომ მთავრობაში, ხელისუფლებაში, პრემიერმინისტრის ჩათვლით და ბევრი სხვა ადამიანის ჩათვლით, არის ხალხი, ვინც სახელისუფლებო წრეებში გამოთქმულ ამ რჩევას, წინადადებას თუ პოზიციას არ გაიზიარებს და ბოლომდე არ მიიყვანს. ამ გადაწყვეტილებით შეშფოთებულ-აღშფოთებული ხალხის მხრიდან იმ ტიპის რეაქციები წამოვიდა, რომლებმაც არ გაამყარა საქართველოს მოსახლეობაში პროევროპული განწყობები და გააღვივა სხვა ტიპის განწყობები, რაც შეინიშნება ხოლმე სხვადასხვა წრეებში, რომ ბრიუსელიდან და სტრასბურგიდან ვიმართებით. ეს დროული შეძახილი, რჩევა, რეკომენდაცია უნდა იქნას ძალიან მკაფიოდ გააზრებული, რომ აქ ჩვენ საქმე არ გვაქვს თბილისში, ქუთაისში და ბათუმში განლაგებულ სასამართლოებთან, რომლებთან მიმართებაშიც ძალიან ხშირად არის იმ ტიპის გამოინათქვამები, რომლებიც აქ, ჩვენთან იხარშება. ევროპულ სისტემაში, ამ ტიპის მცდელობაც კი, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია, რაიმე გზით იქნეს გვერდავლილი, იქნება კიდევ უფრო გამწვავება ჩვენი მდგომარეობის», - განაცხადა დავით უსუფაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ტელეკომპანიის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას.