,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ მხარს უჭერს პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც სახელისუფლებო კრიზისის დროს კონსტიტუციური გარანტის როლს შეასრულებს’’, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს’’ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
,,ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო უმრავლესობაა და ქვეყნის მთავრობა მხოლოდ ერთი ადამიანის ნება-სურვილის შემსრულებელია, სადაც პარლამენტი ვერ ახერხებს მთავრობის საქმიანობის კონტროლს და მას ფაქტიურად ჩამორთმეული აქვს უფლება დააყენოს არაერთიკური მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირდაპირი წესით არჩეული, მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრეზიდენტის არსებობა. პრეზიდენტი რომელიც შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი გარანტი ქვეყნის სწორი განვითარების და სწორი მიმართულებით წაყვანის. სწორედ ეს არის, რაც ხელს უშლის ,,ქართულ ოცნებას’’ სრულად მონოპოლიზაცია მოახდინოს ხელისუფლების ქვეყანაში და სრულად დაუქვემდებაროს სახელისუფლებო ვერტიკალი, სამივე შტო ერთი ადამიანის სურვილს. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენი პარტიისთვის. ჩვენ პირიქით, მხარს ვუჭერთ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს, რომლის უფლება-მოსილებებიც მას მისცემს შესაძლებლობას სახელისუფლებო კრიზისის შემთხვევაში, რომელიც არაერთი ვნახეთ ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის დროს, შეასრულოს ქვეყნის ნორმალური განვითარების კონსტიტუციური გარანტის როლი’’,- აღნიშნავს აბესაძე.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით იმსჯელებს. განხილვის თემა იქნება პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მისი არჩევის წესი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში უკვე წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვარიანტი, რომლის მიხედვით პრეზიდენტის არჩევა ხდება პარლამენტის მიერ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მმართველი გუნდი პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევას მხარს უჭერს და მათი შეთავაზებაა, რომ ამ წესით მომავალი არჩევნების შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს.