ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით, ბალტიის ქვეყნებში შეხვედრებს აგრძელებს.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის, ნატო-სთან თანამშრომლობის ქვეკომიტეტის ეგიდით, მორიგი შეხვედრები ლატვიის თავდაცვის მინისტრ, რაიომონდ ვეიონისთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გაიმართა.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ლატვია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურ-ეკონომიკური მიმართულებებით, მნიშვნელოვნად ვითარდება და ლატვია ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე. ორმხრივი ურთიერთობების პარალელურად შეხვედრებზე ყურადღება ჰიბრიდულ საფრთხეებზე, საგარეო უსაფრთხოების გამოწვევებზე და თავდაცვითი სისტემების რეფორმირებაზე გამახვილდა.
ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი სესიაშვილის და ბექა ოდიშარიას მონაწილეობით, რიგაში განთავსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრსაც ეწვია.