ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, "რეაქციაში" ყოფილმა პარლამენტარმა, გუბაზ სანიკიძემ ბათუმის მოვლენები შეაფასა. მას ეჭვი აქვს, რომ ამ გამოსვლებში უცხო ძალებს ერთგვარი ტესტი ჰქონდათ ჩადებული.
"ვფიქრობ, საქმე გაცილებით რთულად არის. მიმაჩნია, რომ გარედან არის სერიოზულად. ჩამოვთვლი ქვეყნებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოთი და განსაკუთრებით აჭარით. ეს არის რუსეთის ფედერაცია, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას სიტუაციის არევა უნდა. არიან ქვეყნები, რომელთაც არევა უნდათ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც არ უნდა არევა.
ჩვენი ამოცანა ის კი არ უნდა იყოს, რომ ერთმანეთს დავერიოთ და ვაკადროთ. პოლიტკორექტულობის დრო არ არის. აჭარის ავტონომია თავის დროზე შეიქმნა რელიგიური ნიშნით. ერთადერთი ავტონომია საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იყო რელიგიური ნიშნით. ანუ, ეს საკითხი იმთავითვე ჩადებული იყო. არავისზე ცუდს არ ვამბობ და არვისზე კარგს. ქვეყნისთვის სწორი დიაგნოზი უნდა დავსვათ. ვიქრობ, მოისინჯა საქართველოში ვითარება და აღმოჩნდა ის, რისიც ყოველთვის მეშინოდა. ჩვენ არ ვართ მდგრადი სახელმწიფო. არაფერმა არ იმუშავა. დიდი შიშები მაქვს. საქართველოს უსაფრთხოება არის განულებული. საქართველოს სპეცსამსახურები ვერ მუშაობენ, არ მუშაობენ. არ გვაქვს ინფორმაციები რა ხდება გარეთ. გადაყირავდა მთელი სამყარო. ყველას აქვს ვიღაცასთან ურთიერთობა. დამოუკიდებლობის 25 წლის თავზე სერიოზული საქმეებით უნდა დავკავდეთ. როგორც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობა" წამოიკიდეს ომზე, ისეთი რამე ემუქრება დღევანდელ ხელისუფლებასაც. რაღაცაზე წამოგვიკიდებენ, არ მივდივართ სწორი მიმართულებით",- განაცხადა სანიკიძემ.