”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ე.წ. მოსმენების კანონი მწვანე შუქს უნთებს საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფას.
პრეზიდენტთან აღნიშნულ საკითხზე ფრაქციის შეხვედრის შემდეგ, ხოშტარიამ განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანონი ხელს უწყობს უკანონო მოსმენას.
”ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან კონსულტაციები ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს სერიოზული წუხილი და ჩვენი პოზიცია ემთხვევა პრეზიდენტის პოზიციას, ეს კანონის არსებითად არღვევას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ეს კანონი მწვანე შუქს უნთებს საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფას, ადამიანების უკანონო მოსმენას”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ ფარული მოსმენების კანონთა პაკეტთან დაკავშირებით ფრაქციებთან კონსულტაციები დაიწყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტთან კონსულტაციებზე ყველა საპარლამენტო ფრაქცია მიიწვია, თუმცა პრეზიდენტის შეთავაზებას ამ ეტაპამდე მმართველი პარტია არ გამოხმაურებია.
დღეს გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციაში ხელმოსაწერად შესულ კანონთა პაკეტთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდა, ფარული მოსმენების კანონზე ფრაქციის წევრების მოსაზრებები მოისმინა და საკუთარი ხედვა გააცნო.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ფაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შეხვდება, ხვალ კი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს.