ოთხწლიანი კომპლექსური რეფორმა, რომელიც წელს იწყება, დაგეგმილია ევროპული დონის აღზრდის, განათლებისა და სხვა კომპონენტების გათვალისწინებით, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
„ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო იღებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას უფასოდ შესთავაზოს საჯარო და კერძო სკოლამდელ დაწესებულებებს როგორც ერთიანი საგანმანათლებლო, ასევე, თანამედროვე ევროპული მოთხოვნების შესაბამისი აღზრდის, ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, კვების, უსაფრთხოების და ჯანდაცვის კოპლექსური ერთიანი სტანდარტი. ეს არის ძალიან დიდი რეფორმა და უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი თაობისთვის“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა სამინისტროების პასუხისმგებელმა პირებმა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებმა.
სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის რეფორმა მრავალი ახალი ევროპული სტანდარტის კომპონენტს გულისხმობს, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს გამოხატავს. მისი ავტორები არიან ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ოთარ ჩრდილელი. რეფორმა მომზადდა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში და პარლამენტის მიერ მიღებული იქნა 2016 წელს.