ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა ბათუმის მოვლენებზე მსჯელობაზე უარი თქვა. ინიციატივა ,,ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნოდა.
დეპუტატ სერგო რატიანის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული არ ყოფილა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, ისევე როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, უნდა იმსჯელოს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე.
მისივე შეფასებით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ცალსახად ხელისუფლებას ეკისრება.
,,ის, რომ იმ საღამოს არ იყო დაცული ადამიანთა უსაფრთხოება, პირველ რიგში, არის დღევანდელი ხელისუფლების ბრალი საფუძვლებშივე. წლების განმავლობაში ხალისდებოდა მოძალადეობრივი ჯგუფები, მათი ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში; წახალისებული იყო სიძულვილის ენა; ასევე, პრობლემა დღეს არსებული ეკონომიკური და სოციალური ფონი. ყველაფერმა ამან საბოლოო ჯამში, გამოიწვია ეს პროცესები და შემდგომში ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლებამ ძალიან სერიოზულად დააგვიანა რეაგირება. რაც შეეხება ბრალდებებს, ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლების სავიზიტო ბარათია ცილისწამება ოპონენტების მიმართ და ამ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, როცა მათი პასუხისმგებლობაა, ისინი ცდილობენ, პასუხისმგებლობა სხვას დააკისრონ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.