საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე. წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს.
"ე. წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიური მილიტარიზაციის პარალელურად, აგრძელებს მათ ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს წართმეული აქვთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ადგილზე დარჩენილი მოსახლეობა კი, იმყოფება მუდმივი ეთნიკური დისკრიმინაციის ქვეშ, უხეშად ირღვევა რა მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებზე წვდომის შესაძლებლობა", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე. წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და პრინციპებს.