საქართველოს პარლამენტის გამოკლებულ წევრს, მანანა კობახიძეს, ანრი ოხანაშვილი შეცვლის, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის აპარატს ხელმძღვანელობს. ანრი ოხანაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 49-ე ნომერია.
მანანა კობახიძის ადგილმონაცვლის, ანრი ოხანაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. მანანა კობახიძე მიმდინარე სასესიო კვირაში, საქართველოს პარლამენტმა, 101 ხმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შალვა კიკნაველიძის განცხადებით, პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კომისიის თავმჯდომარის განკარგულება და თანდართული დოკუმენტაციაა წარმოდგენილი.
„ ცნობილი იქნას საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური გაერთიანების, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, მანანა კობახიძის ადგილმონაცვლედ ამავე პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი“,- აღნიშნულია განარკულებაში. შალვა კიკნაველიძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებას თან ერთვის ყველა ის დოკუმენტი, რაც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისთვისაა აუცილებელი. კენჭისყრის შედეგად, კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.