პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მიიჩნევს, რომ ე.წ. ფარულ მოსმენების შესახებ უფლებამოსილებები სხვადასხვა სტრუქტურაში უნდა იყოს გაფანტული. ანა დოლიძის თქმით, ვინც დაინტერესებულია მოსმენებით, ვინც ახორციელებს მოსმენას ტექნიკურად და ვინც მეთვალყურეობას ახდენს, მოსმენაზე, უნდა იყოს სხვადასხვა.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა სისტემიდან მოვდივართ. ეს სისტემა ხასიათდება მარტივად იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდა მრავალათასიანი არქივი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ადამიანების, პოლიტიკური მოღვაწეების მართვა, შანტაჟი, დევნა. ძალიან ბევრ კითხვას ამ სისტემის არსებობასთან დაკავშირებით პასუხი არ გაეცა. ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, გავითვალისწინოთ ეს ისტორია, გავითვალისწინოთ ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ ჩვენი ყველა მოქალაქის უსაფრთხოების ინტერესი. ამიტომ ეს მუშაობა არ იქნება ადვილი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველა ამ ფასეულობის შეჯერება მოხდება. ჩვენ გაკეთებული გვაქვს ჩვენი მოტივირებული შენიშვნები ამ სისტემასთან დაკავშირებით. ამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის, ვინც დაინტერესებულია ამ მოსმენებით, ის ვინც ახორციელებს მოსმენას ტექნიკურად და ის ვინც მეთვალყურეობას ახდენს მოსმენაზე, უნდა იყოს სხვადასხვა. ანუ ეს უფლებამოსილებები გაფანტული უნდა იყოს სხვადასხვა სტრუქტურებში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.