ვარშავის სამიტმა ცხადყო, რომ საქართველო წარმატებით მიიწევს წინ ნატო-ს წევრობისკენ როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილე აშიშ კუმარ სენისთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატის წევრი. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინტეგრაციის პროცესი წარმატებით ვითარდება და საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.
„დიახ, ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველო კიდევ უფრო ახლოს არის ნატოს წევრობასთან“,-ამბობს ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
რაც შეეხება პრაქტიკულ თანამშრომლობას, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ დამატებით მხარდაჭერასა და დახმარებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ეს მნიშვნელოვანი უახლესი გადაწყვეტილებები მოიცავს: ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის დაკავშირებას მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის საწვრთნელ და საგანანმანათლებლო საქმიანობასთან; საქართველოს საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო დაზვერვის მხარდაჭერას; ტრასტის შექმნას ნატო-საქართველოს ერთობლივი პროექტების ეფექტიანად განხორციელების ფინანსური მხარდაჭერისთვის.
„მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს, რომ როგორც არსებული, ისე ახალი ინიციატივები ეხმარება საქართველოს, როგორც წევრობის მსურველ ქვეყანას, ნატოს გაწევრებისთვის მომზადების გზაზე“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი ძლიერი გზავნილი იყო 7-8 სექტემბერს - სამიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, როცა ჩრდილოატლანტიკური საბჭო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, რათა განხილულიყო ვარშავის გადაწყვეტილებების გატარების პრაქტიკული გზები. ეს იყო საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი.
„გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მიღებული იყო ბუქარესტის სამიტზე და ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ კიდევ არაერთხელ დადასტურდა კიდეც. ასე რომ, აქ საუბარია იმაზე, „როდის“ გახდება და არა „გახდება თუ არა“ საქართველო ნატოს წევრი.
როგორც საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ბოლო ვიზიტის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო იცავს იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად განსაზღვროს თავისი გზა, უსაფრთხოების საკითხებში ამა თუ იმ გაერთიანებაში თუ სამხედრო ალიანსში გაწევრების ჩათვლით. გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის შესახებ ერთპიროვნულად მიიღეს ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა და ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობდა საქართველოს დამსახურებიდან და ალიანსის უსაფრთხოებაში მის მიერ წვლილის შეტანის პერსპექტივიდან“,-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მისივე თქმით, ნატო-ს წევრობა არის ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი და მთავრობის საბოლოო მიზანი.
„ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, ძალ-ღონე არ დავიშუროთ ამ მიზნის მისაღწევად. ამავე დროს, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინ გამოწვევებით აღსავსე გზა გველის, და ჩვენ მზად ვართ, თანამიმდევრულად მივყვეთ ამ გზას, რომელიც ამ მიზნამდე მიგვიყვანს. ამავდროულად, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დაფასება იქნება ძლიერი გზავნილი, რომ 21-ე საუკუნეში მიუღებელია გავლენის სფეროთა აღორძინება და სუვერენული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის არჩევნის შეზღუდვის მცდელობები. საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში გააფართოებს ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ზონას, რითაც სამსახურს გაუწევს როგორც მოკავშირეთა, ისე საქართველოს საერთო ინტერესებს. საქართველომ დაამტკიცა თავისი ურყევი პოლიტიკური ნება და უნარი, წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ ვეძებთ არა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიებს, არამედ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ საერთო უსაფრთხოებაზე ზრუნვის საქმეში. გარდა ამისა, ნატოში ჩვენი წევრობადადებითად აისახება რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. საქართველოს წარმატება ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე იქნება შთამბეჭდავი მაგალითი, რომ ჩვენს რეგიონში შესაძლებელია დემოკრატიული ტრანსფორმაცია და საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელი არჩევნის პატივისცემა“,-აღნიშნა ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილმა.