რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ენმ-ის წევრის რომან გოცირიძის კრიტიკას ეხმაურება და მას ,,არაადეკვატურ” უწოდებს. მისი თქმით, ვისაც წითელი ხიდიდან სარფამდე უმგზავრია, ყველა ხედავს, რომ მუშაობა ყველგან მიდის.
”გოცირიკების” გამომშვები კუპონჩიკა, როცა წარმოიდიგენს, რომ ლარი მაგის გაკეთებულია და კუპონები ჯავახიშვილის გამოშვებულია და ამას საზოგადოებას მიაწვდის, ამ ადამიანთან საერთოდ შეიძლება რამე სერიოზულად საუბარი?! მადლიერმა ქართველმა ხალხმა კუპონს გოცირიკები შეარქვა და გოცირიძეს კი კუპონჩიკა და ეს კაცი ამბობს, რომ ლარი მე გავაკეთე და ჯავახიშვილმა კუპონები გამოუშვაო. ახლა მაგის ნაბჟუტურებზე გეტყვით - ჟურნალისტებმა ხომ კარგად იცით, რომ გორიდან ხაშურამდე გზა ჩვენ კარგა ხნის წინ გავხსენით და ბედნიერად გადაადგილდებიან საქართველოს მოქალაქეები, თუ უცხოელები. კაცი ამ სამ ტყუილს რომ იტყვის, მე-4 რატომ იქნება სიმართლე?”, - განაცხადა ჯავახიშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში.
გოცირიძის განცხადებაზე, იმის შესახებ, რომ კომიკურია წინასაარჩევნო დაპირება 8 მილიარდ ლარზე მეტის დახარჯვის შესახებ ახალი გზების მშენებლობისთვის, ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველისგან მსგავსი განცხადება არ უკვირს.
”არ აწყობს და აბა, რა უნდა თქვას, ტაში დაუკრას სააკაშვილის ეკნომიკურმა მრჩეველმა, სხვა რა უნდა თქვას?!”, - გნაცხადა ჯავახიშვილმა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი რომან გოცირიძე “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ძველი კურსის გაგრძელებაა, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. მისი თქმით, საარჩევნო პროგრამის ძირითადი წყარო მთავრობის მიერ მკვდრადშობილი ე.წ. „პროგრამა 2020“-ია, რომელიც თაროზე შემოდეს და მთავრობის ეგრეთ წოდებული 4-პუნქტიანი გეგმით ჩაანაცვლეს.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, მთავრობა, რომელმაც 4 წელიწადში გორიდან ხაშურამდეც ვერ მიიყვანა დაწყებული პროექტი, ახალ-ახალი ზღაპრებით ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას.