არასამთავრობო ორგანიზაციები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ზაზა გოროზიას, სამხარეო პოლიციის უფროსის თენგიზ გუნავას, მესტიის პოლიციის ხელმძღვანელის გიორგი შედანიასა და ამავე რაიონის გამგებელის გოჩა ჭელიძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ.
შესაბამისი განცხადებით საქართველოს მთავარ პროკურატურას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიმართავენ.
საქმე ეხება მესტიაში, 3 მაისს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ინციდენტს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ პირებს ადანაშაულებენ.
"მიმდინარე წლის 4 მაისს, რეგიონული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, მესტიაში, 3 მაისს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. მასში, თვითმხილველთა განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, მესტიის პოლიციის უფროსი გიორგი შედანია, მისი მოადგილე ჯონი ბელქანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდ (კახა) კვიციანი, და მესტიის გამგებელი გოჩა ჭელიძე მონაწილეობდნენ. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, 14 მაისს, მესტიაში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლები ჩავიდნენ და თვითმხილველებს და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ დაადასტურეს, რომ 3 მაისს, 23:00 საათიდან მესტიის გამგეობის შენობის წინ რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირი და სამართალდამცავი ორგანოების ავტომანქანები იყო მობილიზებული (ეს ფაქტი კარგად ჩანს ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაშიც). გამგეობის შენობაში 03:00 საათამდე იძულებით მიჰყავდათ პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" კანდიდატები და მათგან საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ წინასწარ გამზადებული განცხადებების ხელმოწერას მოითხოვდნენ. განხცადებას ხელი ოთხმა კანდიდატმა მოაწერა, ოთხმა უარი განაცხადა.
მოგვიანებით მუქარის შედეგად კანდიდატურა მოხსნა ბლოკის "ალიანსი საქართველოსთვის" წევრმა მაია ჩართოლანმაც. პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ბოგდან ნიგურიანმა განცხადება ზეწოლის ქვეშ 3 მაისის ღამის ინციდენტამდე დაწერა... მოვითხოვთ მომხდარის დროულად გამოძიებას",- ნათქვამია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მთავარი პროკურატურისთვის განკუთვნილ განცხადებაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ზაზა გოროზიასთვის, თენგიზ გუნავასთვის, გიორგი შედანიასა და გოჩა ჭელიძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას გამოძიების დასრულებამდე მოითხოვენ.
გარდა ამისა, არასამთავრობოები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასას მიმართავენ, "დაუყოვნებლივ მიავლინოს სპეციალური წარმომადგენელი მესტიაში, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები როგორც არჩევნების წინაპერიოდში, ისე არჩევნების დღეს".