შშმ პირების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრას საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე სოფიკო გუჯაბიძე ხელმძღვანელობდა. სხდომას საბჭოს წევრები, მოწვეული სტუმრები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
დღევანდელი შეხვედრა ფოკუსირებული იყო შშმ პირთა საგანმანათლებლო საკითხებზე. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა და ისაუბრა აჭარაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა ლაშა ასლანიშვილმა ისაუბრა შშმ ბავშვებისათვის განხორციელებულ საპილოტე პროექტზე სამუზეუმო სივრცეებში. გონიო-აფსაროსის მუზეუმში განხორციელებული საპილოტე პროექტი იმდენად წარმატებული გამოდგა, იგი ყოველწლიურ ღონისძიებად გადაიქცა.
საბჭოს შეხევდრაში მონაწილეობა მიიღო ასევე პარაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ გოჩა მუხაშავრიამ. მან საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია თუ რამდენ სპორტულ სახეობაში არიან ჩართულნი შშმ პირები და როგორ წარმატებებს აღწევენ ისინი.
შშმ პირების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო 2015 წლიდან არსებობს, მისი მთავარი ფუნქციაა რეკომენდაციებისა და სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელება; შშმ პირთა უფლებების სფეროში საკანონმდებლო წინადადებებისა და ინიციატივების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, ასევე მათი სრულფასოვანი ცხოვრებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის ხელშეწყობა.