რუსეთთან თანამშრომლობა ხელს არ შეუშლის უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"გულწრფელად გეტყვით, ეს ვერაფერს ხელს ვერ შეუშლის. იმ შემთხვევაში თუ უკრაინელი ხალხი გადაწყვეს, რომ მათთვის ევროკავშირისკენ სწრაფვაა აუცილებელი ეს თქვენი არჩევანია. სინამდვილეში კი ყველა არჩევანი უბრალოდ გონივრული უნდა იყოს", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ასევე ახდენს ევროკავშირში ინტეგრაციას. "ჩვენთან, რუსეთის ფედერაციაში ევროკავშირთან, მახსოვს 250 მილიარდი აშშ დოლარის საქონელბრუნვაა. ეს სერიოზული ციფრია. ამიტომაც ჩვენ ევროპაში ინტეგრირებული ვართ ძალიან სერიოზულად. თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ეს თქვენთვის საინტერესოა, ამით უნდა დაკავდეთ კიდეც და ცხადია, რომ ჩვენ ყველა ევროპულ ოჯახს ვეკუთვნით და ეს ნორმალურია", _ აცხადებს მედვედევი და დასძენს, რომ რაც შეეხება უკრაინის წევრობას ევროკავშირში _ "ეს უკვე ევროკავშირისა და უკრაინის საქმეა".
ამასთან ერთად, დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ძალიან სერიოზულად უნდა ადევნონ თვალყური იმას, თუ რა ხდება ევროკავშირში.
"დღეს კი ჩვენი ევროპელი კოლეგები უნდა გაუმკლავდნენ იმ სიძნელეებს, რომლებიც მათ აქვთ, მათ შორისაა ევროზონის საკითხები, მთელი რიგი სახელმწიფოების გადახდისუუნარობა და ა.შ. ამიტომაც ეს აშკარად ახლო საკითხი არაა და საკმაოდ რთულიცაა, მაგრამ ეს უკრაინის არჩევანია", _ აცხადებს დიმიტრი მედვედევი.