ვინ უფრო მეტს დაკარგავს აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლებით? ამ შინაარსის სტატიას აზერბაიჯანული პორტალი ტრენდი აქვეყნებს. სტატიის შინაარსს GHN უცვლელად გთავაზობთ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გაზმომარაგების საკითხთან დაკავშირებით ფარული მოლაპარაკება მიმდინარეობს, სულ უფრო და უფრო ხშირად მუსირებს, რაც გულწრფელ გაკვირვებას და გარკვეულ კითხვებს ჰბადებს.
საინტერესოა მიზეზი, თუ რატომ ცდილობს ქვეყანა, რომელსაც აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემა არასდროს ჰქონია, საიმედო პარტნიორსა და მიმწოდებელთან კავშირი დაარღვიოს. და ასევე ისმის კითხვა- ვინ უფრო მეტს დაკარგავს ასეთი პოლიტიკით, ბაქო თუ თბილისი?
დღეს ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა მორიგი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებს შეხვდა.
ვინ დგას კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებებს უკან, რუსულ საგაზო სივრცეს დაუბრუნდეს, რთული გასაგებია, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც ევროპა რუსული ენერგოდამოკიდებულებისგან თავის დაღწევას ცდილობს.
ერთი რამ კი ნათელია- პრობლემა სოკარის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში არ არის.
გამოცემა „ტრენდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივმოქმედი შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს.
ეჭვს იწვევს ის არგუმენტიც, რომ საქართველომ მზარდი მოხმარების დასაკმაყოფილებლად დამატებითი წყაროები უნდა ეძებოს. დღეისათვის საქართველოს მიერ მოხმარებადი გაზი 2 მილიარდამდე კუბამეტრს შეადგენს. მოხმარების მაჩვენებელი იზრდება წელიწადში 8-10 პროცენტით, რაც აზერბაიჯანული მხარის მიერ გათვალისწინებულია. აზერბაიჯანს დამატებითი მოცულობის მიწოდება ყველანაირი პრობლემის გარეშე შეუძლია.
აზერბაინი უზრუნველყოფს საქართველოს გაზმომარაგებას 80 პროცენტით. ბოლო 11 თვის განმავლობაში საქართველომ სოკარისგან 1,5 მილიარდი კუბამეტრი აირი მიიღო. გარდა ამისა, შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში საქართველო აზერბაიჯანისგან გაზს შეღავათიან ფასადაც (55 დოლარი) იღებს.
ყველაფერთან ერთად, სოკარი საქართველოში აქტიურ საგაზიფიკაციო სამუშაოებს ეწევა და 2017 წლისთვის ქვეყნის გაზიფიკაციის 82 პროცენტიან მაჩვენებლამდე აყვანა აქვს დაგეგმილი.
საკითხავია, გასწევს თუ არა გაზპრომი საქართველოში ასეთ სამუშაოს? პასუხი ნათელია.
ყველაზე სავადაუდო მიზეზი ქართული მხარის ასეთი პოლიტიკის არის ის, რომ შეიქმნას კონკურენციის სურათი და სოკარი იძულებული გახადონ ფასი დასწიოს, თუმცა ტარიფი საქართველოსთვის ისედაც ძალიან დაბალია. დღეისათვის ათას კუბამეტრ გაზში თბილისელები 190 დოლარს იხდიან, რეგიონებში კი ტარიფი 170-დან 210 დოლარამდე შეადგენს. კომერციული მომხმარებლები კი სოკარისგან აირს 350 დოლარად იღებენ.
გარდა ამისა, სოკარი საქართველოს მოსახლეობისთვის ტარიფის გაძვირებას არ აპირებდა.
უნდა გვესმოდეს, რომ თუ საქართველო რუსეთს შეუთანხმდება, აზერბაიჯანმა შესაძლოა საქართველოსთვის განკუთვნილი გაზი თურქეთსა და ევროპაში გადაამისამართოს და უფრო მომგებიან ფასად გაყიდოს. თურქი და ევროპელი პარტნიორები ალტერნატიული გაზის დამატებითი მოცულობის მიღებით ნამდვილად გაიხარებენ.
ამიტომ, პასუხი კითხვაზე, თუ ვინ იფრო მოგებული დარჩება საქართველოში აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლებით, ადვილად პასუხგასაცემია.