ჩვენ ჯერ კიდევ ველით პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან და მოვუწოდებთ მეტი ნაბიჯი გადაგას იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა გვერდი არ აუაროს ჩვენს სანქციებს, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა "ფორმულას" განუცხადა.
მან დაადასტურა, რომ სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანისგან წერილი მიიღო.
"ვადასტურებთ რომ წერილი გაეგზავნა საქართველოს ხელისუფლებას. ეს ეხება საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს სანქციების გვერდის ავლის შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ კუთხით ყველა ქვეყანასთან ვმუშაობთ. ეს არის ჩვენი გლობალური მასშტაბის აქტივობების ნაწილი. ჩვენ ჯერ კიდევ ველით პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან და მოვუწოდებთ მეტი ნაბიჯი გადაგას იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა გვერდი არ აუაროს ჩვენს სანქციებს. სანქციები მუშაობს და სწორედ ამიტომ რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს მათ გვერდი აუაროს", - განაცხადა ჰიპერმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დღეს განაცხადა, რომ მიიღო მადლობის წერილი ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად კარგად ასრულებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებს ყველა საქმიანობას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად.
ამასთან, წერილის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ამ საქონლის ძირითადი რეექსპორტიორი, რეგიონის ქვეყნებმა უკვე იპოვეს გზა ამ საკითხის მოსაგვარებლად და არსებობს რისკი, რომ საქართველო ამ ნივთებით ალტერნატიულ უკანონო ვაჭრობის გზად იქცეს.