დღეს, ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექსიკოგრაფიაში პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, სიმპოზიუმის მიზანია პროფესიონალ ლექსიკოგრაფებს, ლექსიკოგრაფიისა და ლექსიკოლოგიის უახლესი პრობლემების მკვლევრებს, გამომცემლებს, ელექტრონულ ლექსიკონზე მომუშავე პროგრამისტებს უშუალო დიალოგის შესაძლებლობა მისცეს, ასევე მოაწყოს დასრულებული და მიმდინარე ლექსიკოგრაფიული პროექტების პრეზენტაცია, გამოცემული ლექსიკონების გამოფენა, ელექტრონული ლექსიკონების დემონსტრირება, ახალი იდეების აპრობაცია; გააანალიზოს დარგში არსებული პრობლემები და იმსჯელოს ლექსიკოგრაფიის განვითარების გზებსა და პერსპექტივებზე საქართველოში; განსაზღვროს სტრატეგია და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები საზოგადოებრივი თუ სამთავრობო უწყებებისათვის.
სიმპოზიუმზე საჯარო ლექციებს ცნობილი ქართველი და უცხოელი ლექსიკოგრაფები წაიკითხავენ. სიმპოზიუმის მუშაობა სამ დღეს გასტანს და 16 მაისს დასრულდება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი.