დღეს, 12 მაისს, ბრიუსელში "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" ფარგლებში შემუშავებული "ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის" შესრულების შესახებ შუალედური ანგარიში გამოქვეყნდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, აღნიშნულ ანგარიშში საქართველოს მიერ 2009 წლის განმავლობაში გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაა შეფასებული.
ეს რიგით მესამე წლიური ანგარიში იქნება. პრეზენტაციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი გახსნის.
აღნიშნული ღონისძიება ბრიუსელში თბილისის დროით, 15:00 საათზე გაიმართება. ქართველ ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, ანგარიშის პრეზენტაციას თვალი ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვის საშუალებით ადევნონ.