სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულები მოინახულეს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატიდან "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, დროებითი მოთავსების იზოლატორში ისინი ავთანდილ ზუმბაძეს, გიორგი გაბედავას, ლევან ტურაშვილს, შოთა აფხაიძეს, ლევან ჩაჩუას, რატი მაისურაძეს, დავით შალამბერიძესა და ზვიად ბლიაძეს გაესაუბრნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ადვოკატებს მათთან შეხვედრაზე რაიმე შეზღუდვა და დაბრკოლება არ ექმნებათ. ასევე აღნიშნეს, რომ დაუბრკოლებლად იღებენ კანონით გათვალისწინებულ ამანათს და დაკავებისას მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
ისინი ადასტურებენ, რომ წერილობით გაეცნენ საკუთარ უფლებებს და ყოველგვარი იძულების გარეშე მოაწერეს ხელი ეჭვმიტანილად დაკავების ოქმს.
"ავთანდილ ზუმბაძემ და ზვიად ბლიაძემ განაცხადეს, რომ მცირე ზომის დაზიანებები აღენიშნებათ, რომლებიც ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის დროს აქვთ მიღებული. დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას, სხეულის გარეგანი დათვალიერებისას ექიმის მიერ გაკეთებული ჩანაწერის თანახმად კი, დავით შალამბერიძეს აღენიშნებოდა მარცხენა ზედა კიდურზე მხრის მიდამოში მცირე სისხლნაჟღენთი, ხოლო გიორგი გაბედავას - მარჯვენა ლავიწის არეში მცირე ზომის ექსკორაცია. თუმცა იმავე ოქმებში გაკეთებული ჩანაწერით, ისინი რაიმე სახის პრეტენზიას არ აფიქსირებდნენ", - ნათქვამია ომბუცმენის აპარატის განცხადებაში.
ისინი აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ დაკავებულის გიორგი გაბედავას განცხადებით, იგი ასთმითაა დაავადებული და შესაბამისი მედიკამენტები ესაჭიროება. შოთა აფხაიძის გადმოცემით, კი მას საყლაპავი მილის თიაქარი აქვს, რომელიც დახურულ სივრცეში იწვევს სპაზმურ შეტევებს, რომელთან დაკავშირებით დმი-ის ადმინისტრაციამ მისცა "ნო-შპა", რომელსაც აქვს მოკლევადიანი ეფექტი, ასევე აქვს თანდაყოლილი კლაუსტროფობია და რევმატიზმები.
დანარჩენი დაკავებულს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ აქვთ, თავს კარგად გრძნობენ. ეჭვმიტანილებს ასევე არ გამოუთქვამთ არანაირი პრეტენზია დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაციის მიმართ.