თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ქვეყანაში ვითარება დაძაბა. გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს იყო უპასუხისმგებლო განცხადება.
„ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, ვისგანაც არ უნდა გამომდინარეობდეს. როდესაც იწყებ საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ კონსულტაციას ვიწყებ კონსტიტუციურ წესრიგზეო, მაშინ ამის ნიშნები უნდა იყოს ქვეყანაში. ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთება ვითარების დაძაბვაა.
„სანამ ვინმეს მიუთითებს, რომ ვინმე რამეს ძაბავს, ვფიქრობ მისი მხრიდან ამ ტიპის განცხადების გაკეთება არის სწორედ ვითარების დაძაბვა და არა ის სხვა, რაზეც მან ისაუბრა“, - განმარტა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა შექმნა. მისი თქმით, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა განცხადებამ ისედაც რთულ ვითარებაში მეტი დაძაბულობა შეიტანა. მარგველაშვილმა მოსამართლეს მოუწოდა, ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება არ მიიღოს.