პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ესკალაციის არანაირი საფრთხე არ არსებობს.
„ჯი-ეჩ-ენ“-თან საუბარში ბერძენიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების შეფასება არ ისურვა და განაცხადა, რომ მთავრობის მეთაური განმარტებებს თავად გააკეთებს.
დეპუტატის თქმით, საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არ არის.
„ვფიქრობ, რომ საქართველოში ესკალაციის არავითარი საფრთხე არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ მუქარებისა და სიტყვების - „მაიდანის“, „დამოურჩილებლობისა“ და „რევოლუციის“ ხსენების მიუხედავად, ნაციონალებს ამ ყველაფრის განხორციელების არც უნარი აქვთ და არც საშუალება ექნებათ, რადგან საზოგადოებაში მსგავსი განწყობები არ არის. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვითარება ადეკვატურად არ ესმის და ისინი NDI-ის გამოკითხვებმა აშკარად შეცდომაში შეიყვანა. მსოფლიოში 13 პროცენტიანი რევოლუცია ჯერ არ მომხდარა. შეშფოთების საფუძველია, რომ ვიღაც თერმოსებს, საძილე ტომრებს მოიმარაგებს და კანონს წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ ყველამ პატივი უნდა ვცეთ, როგორც სიტყვის თავისუფლებას, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კანონმდებლობას“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
კანონმდებელის თქმით, ის საბჭოთა კავშირში უსამართლოდ დააპატიმრეს, მაგრამ იძულებული იყო, რომ იმ კანონს დამორჩილებოდა, რომელიც არ მოსწონდა.
„ნაციონალების მხარდაჭერებისგან იმის თქმა, რომ „კანონი ფეხებზე მკიდია“, იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დავანგრიოთ. ეს მხარდაჭერილი არავის მიერ არ იქნება და არ მგონია, რომ ამას სერიოზული შედეგბი მოჰყვეს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.