დღევანდელი საარჩევნო სისტემა არის უსამართლო და ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მმართველ პარტიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა. იგი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა 2016 წლის არჩევნებისთვის უნდა მოხდეს და მისი გადადება 2020 წლისთვის, არასწორი იქნება.
"დღევანდელი საარჩევნო სისტემა არის უსამართლო და არაპროპორციული და ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მმართველ პარტიას. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც იმაზე, რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. დღეს ამაზე საუბრობს მმართველი კოალიციაც, თუმცა მას არსებული სისტემის შეცვლა 2020 წელს უნდა, რაც არასწორია. დღეს უნდა გადაიდგას ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რისი შესაძლებლობაც არსებობს და რითაც ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ვუზრუნველყოფთ", - აღნიშნა გიგაურმა.
საარჩევნო რეფორმის საკითხზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია დიპლომატიურო კორპუსის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარლამენტში ხვდება.