ობამა-პუტინის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ნიუ-იორკში შეხვედრა ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა გამართეს. ჯონ ქერიმ და სერგეი ლავროვმა სირიის კრიზისი განიხილეს. როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, სახელმწიფო მდივანმა ყურადღება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის კოორდინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა, რაზეც მისმა რუსმა კოლეგამ განაცხადა, რომ რუსეთს ტერორისტთა წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულად სურს, თუმცა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სირიის მოქმედ რეჟიმთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებსა და რუსეთს განსხვავებული ხედვა აქვთ. მოსკოვი ღიად აცხადებს, რომ ასადის რეჟიმს ტერორისტებთან ბრძოლაში სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას უწევს.