სესხების ხელმისაწვდომობა და ფინანსური სისტემის სტაბილურობა ხელს უწყობს განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკას ლიკვიდურობის შენარჩუნებაში, ეკონომიკური ზრდის შენელების პირობებში. როგორც "საზოგადოება და ბანკების" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ოდენობაა. 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მთელი საქართველოს მასშტაბით ბანკებს გაცემული აქვთ 14 მილიარდ ლარზე მეტი (14,564,262,000) სესხი, რაც 2014 წლის 1 ივლისთან შედარებით (10,980,806,000) 3.6 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.
”2014-2015 წლებში სესხების მოცულობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა. 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ვალდებულებები (ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის) 1.735 მილიარდ ლარით არის გაზრდილი.
ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების ზრდის პირობებში, ბიზნეს სექტორზე გაცემული სესხები 30.8%-ით - 5.6 მილიარდ ლარიდან 7.3 მილიარდ ლარამდე, ხოლო კერძო პირებზე გაცემული სესხები 30.2%-ით - 5.2 მილიარდი ლარიდან 6.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა”,- აცხადებენ "საზოგადოება და ბანკებში”.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ვაჭრობაზე გაცემული სესხების წილი 31%-ს შეადგენს (2.27 მილიარდი ლარი). 2014 წლის 1 ივლისთან შედარებით ვაჭრობაზე გაცემული სესხები 540 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც დიდწილად ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია. ვაჭრობის მაღალი დაკრედიტება, რომელიც გაცილებით აღემატება ეკონომიკის სხვა დარგებზე გაცემულ სესხებს, სრულად ლოგიკურია იმ ფონზე, როდესაც მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობაზე, ტრანსპორტზე და კავშირგაბმულობაზე გაცემული სესხები შემცირებულია ჯამურად 441 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებლები ამ სფეროების განვითარების უარყოფით ტენდენციაზე მიუთითებს. მთავრობის მცდელობის მიუხედავად (რომელიც გამოიხატა პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ და „თანაინვესტირების ფონდის“ შექმნით), სოფლის მეურნეობაში და მეწარმეობაში მიღწეული შედეგები ჯერჯერობით არ არის დამაკმაყოფილებელი და ეს საკითხი მეტ ყურადღებას მოითხოვს - როგორც მთავრობის, ასევე კერძო ბიზნესის მხრიდან.
2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მხრიდან ფინანსურ შუამავლობაზე გაცემული სესხების წილი 7.3%-ს (535 მილიონი ლარი) შეადგენს. 2014 წლის 1 ივლისთან შედარებით ზრდა 1.9% (233 მილიონი ლარი) იყო. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლები ძირითადად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე პირები და მცირე მეწარმეები არიან. ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეულმა სირთულეებმა კი მათი მხრიდან ფინანსურ რესურსებზე გაზრდილი მოთხოვნა გამოიწვია.
შინამეურნეობებზე გაცემული სესხებიდან სამომხმარებლო სესხები 21.2%-ით (408 მილიონი ლარი) გაიზარდა, ხოლო უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები 47%-ით (1.103 მილიარი ლარით).
დღესდღეობით ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა საკმაოდ პოლარიზებულია, ბიზნესი კი კონცენტრირებულია თბილისში. ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია რეგიონებში ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა. აღნიშნული საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას წარმოება და მომსახურება განავითაროს, რითიც ხელს შეუწყობენ რეგიონების განვითარებას, გაზრდიან ადამიანური რესურსების მიწოდებას ადგილობრივ ბაზარზე და მოახდენენ ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირებას რეგიონების მიხედვით.
”ბოლო 1 წელიწადში კომერციული ბანკების მიერ სხვადასხვა რეგიონში გაცემული სესხების განაწილება არ შეცვლილა და მათი როლი ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ მცირეა, რადგან რეგიონებზე გაცემული სესხების წილი მთლიანი გაცემული სესხების მხოლოდ 26.5%-ია. თუმცა უნდა აღინიშნოს აჭარის რეგიონზე გაცემული სესხების წილის, 7%-დან 7.9%-მდე ზრდა, რაც სავარაუდოდ ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოებით არის განპირობებული. რაც შეეხება ქვეყნის სხვა რეგიონებს, ეკონომიკური აქტივობის ტენდენცია ძირითადად არ შეცვლილა. ამიტომ შესაძლოა ითქვას, რომ ეკონომიკის ძირითადი აქტივობა თბილისში არის, რომელზეც საბანკო სექტორის მთლიანი გაცემული სესხების 73.5% მოდის.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული, მოსახლეობის შემცირებული მსყიდველუნარიანობა და ბიზნეს სექტორის განვითარების შენელება, ეკონომიკისათვის ნაკლები ფინანსური რესურსის მიწოდებას გამოიწვევს. „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ეკონომიკის სტიმულირება და დამატებითი ფინანსური რესურსების მიწოდება.
იმისათვის რომ ქვეყნის ეკონომიკა იყოს მოქნილი საგარეო შოკებისაგან საჭიროა ეკონომიკის დივერსიფიცირება სხვადასხვა დარგების მიხედვით. ეკონომიკის დარგების განვითარების მიზნით, სასურველია მცირე და მსხვილ ბიზნესზე ორიენტირებული, ისეთი სახის პროგრამების შემუშავება, რომლებიც დღეს არსებული პროგრამებისაგან განსხვავებით ნაკლები ბარიერებით და რეგულაციებით იქნება შემოსაზღვრული. შემუშავებული სახელმწიფო პროგრამები უნდა მოიცავდეს რეგიონების განვითარების გეგმას და უნდა უზრუნველყოფდეს სამთავრობო სექტორის მიერ კერძო სექტორის დაინტერესებას შემცირებული გადასახადებით ან სხვა სახის შეღავათებით. მიზანმიმართული სამთავრობო პოლიტიკა ხელს შეუწყობს რეგიონებში ეკონომიკური აქტიურობის ზრდას.
„საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს რომ უნდა ჩატარდეს კვლევა რეგიონების დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამომწვევ მიზეზებზე, რომელიც მოიცავს, როგორც ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე შეზღუდულობას, ასევე ადგილობრივი მუშახელის დაბალ კვალიფიკაციას და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობას”, აცხადებენ "საზოგადოება და ბანკებში”.