ჩეჩნეთის ლიდერი მუსლიმანურ ქვეყნებს ლტოლვილთა პრობლემის მოსაგვარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს. „დასავლეთი და შეერთებული შტატები მაღალი ტრიბუნებიდან საუბრობენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, მაგრამ ისინი არიან მთავარი მიზეზი მილიონობით ავღანელის, სირიელის, პალესტინელის, ლიბიელის, იემენელის, სუდანელის, ალჟირელისა და სომალელის ტრაგედიისა. მათ გაანადგურეს ეს ქვეყნები, გაუნადგურეს ეკონომიკა, მოახდინეს შიდა კონფლიქტების პროვოცირება და მილიონობით ადამიანი დევნილად აქციეს. ისინი თავიანთი ქვეყნებიდან სიკვდილის შიშით გარბიან, მაგრამ ევროპის ტერიტორიაზე მოსახვედრად ზღვის გადაცურვა უწევთ. ხშირად ზღვა მათი სასაფლაო ხდება. მათზე ყველამ უნდა იზრუნოს. მოვუწოდებ მუსლიმანურ ქვეყნებს, დავეხმაროთ ჩვენს დებსა და ძმებს,“-წერს რამზან კადიროვი საკუთარ ბლოგზე.