აჭარის მთავრობამ აჭარის სატყეო სააგენტოს 2015-2019 წლების ორგანიზაციული განვითრების სტრატეგია განიხილა და მოიწონა.
დოკუმენტი მომზადდა პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის, აჭარის სატყეო სააგენტოსა და აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც CENN ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის მხარდაჭერით ახორციელებს..
დოკუმენტში გაწერილია აჭარის სატყეო სააგენტოს ხედვა, მისია, სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, მისი განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გეგმა. სტრატეგიაზე დაყრდნობით ასევე შემუშავდა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს 2016-2019 პროგრამული ბიუჯეტი.
დოკუმენტის მიხედვით, სააგენტოს სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრულია ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა, ტყის დაცვა და მოვლა, რაც გულისხმობს ტყის მართვის დაგეგმვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და დაცვითი ფუნქციების გაძლიერებას. გაწერილია აჭარის სატყეო სააგენტოს ახალი ორგანიგრამა და მუნიციპალური სატყეო ადმინისტრაციების სამომავლო სტრუქტურა, რამაც უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიწოდების ეფექტიანი მოდელის ამუშავება, მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის განვითარება.
დოკუმენტი ასევე მოიცავს სატყეო სექტორში განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს.