2015 წლის ბოლომდე აჭარაში მოღვაწე ბიზნესმენები 3 ბიზნეს-ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას. უკვე ცნობილია, რომ ოქტომბერში ბიზნეს-ფორუმის ჩატარება დაგეგმილია თურქეთში, ხოლო ნოემბერში - ბელორუსში.
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ფორუმების ორგანიზებაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და თუ კონკრეტულად რომელი კომპანიები მიიღებენ მასში მუშაობას ამ ეტაპისათვის დაზუსტებული არ არის.
თუმცა მანამდე ბიზნეს-ფორუმი გაიმართება აჭარაში. უკვე გადაწყვეტილია, რომ 18-19 სექტემბერს, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს ”ბათუმი 2015”-ს უმასპინძლებს. ორი დღის განმავლობაში მათ საქართველოს სამომავლო შესაძლებლობებისა და ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში უკვე ინვესტირებული პროექტების გაცნობის საშუალება ექნებათ.
ფორუმი აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებს, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და ბიზნესის დაწყების პროცედურებს, დაფინანსებულ პროექტებს, მთავრობის საინვესტიციო წინადადებებსა და რეგიონის წარმატებულ კომპანიებს შეეხება.
ფორუმის „ბათუმი 2015“ მიზანი აჭარის, როგორც საუკეთესო საინვესტიციო რეგიონის პოპულარიზაციაა.
საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობას საქართველოსა და აჭარის რეგიონის მთავრობის წარმომადგენლები, უცხოური და ადგილობრივი კომპანიები, სხვადასხვა ასოციაციები, სავაჭრო პალატისა და მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები მიიღებენ.