დუბლინის პორტსა და ბათუმის პორტს შორს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, დოკუმენტი ასევე გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის მართვა და სერვისები, საპორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის დაგეგმარება და განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერის მობილიზება. აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ პორტს შორის შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას.
მემორანდუმი ასევე გულისხმობს დუბლინის პორტის ქ. ბათუმთან თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, განათლების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებში.
აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის თავმჯომარე არჩილ ხაბაძე დღეს ირლანდიის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დუბლინის საზღვაო პორტის აღმასრულებელი დირექტორი ეამონ ო’ რეილი, დუბლინის საზღვაო პორტის საერთაშორისო ურთიერთობათა უფროსი ჩარლი მერფი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიის რესპუბლიკაში გიორგი ზურაბაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები.
ვიზიტის ფარგლებში დუბლინის პორტის დელეგაციის წარმომადგენლები გაეცნობიან აჭარის საინვესტიცო და ტურისტულ პოტენციალს. ბათუმისა და დუბლინის პორტის დამეგობრება ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატვივით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ დუბლინის პორტი ტვირთბრუნვისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი დატვირთული პორტია. ირლანდიის ვაჭრობის დაახლოებით 50% სწორედ დუბლინის პორტის მეშვეობით ხორციელდება. 2014 წელს პორტის ტვირთბრუნვამ 30,849 მილიონი ტონა შეადგინა. ამასთან, ყოველწლიურად პორტს 1,76 მილიონი ტურისტი სტუმრობს.
ირლანდიის დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი აჭარაში 9 აგვისტოს დასრულდება.