თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს ამ დროისათვის ქართველი ტურისტების ქცევაზე გავლენა არ მოუხდენია. ტურისტული კომპანია ”გალერეა თრეველის” დამფუძნებელი თორნიკე გურული აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდების შემდეგ და მანამდეც, მათვის ტურისტებს ტურის შეცვლა, ან გადავადება არ უთხოვიათ. გურული განმარტავს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე გართულებული ვითარების მიუხედავად, თურქეთში დასვენების მსურველი ქართველი ტურისტების რაოდენობა არ შემცირებულა.
”მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადება გავრცელდა, რომ თურქეთის ცალკეულ ადგილებში საქართველოს მოსახლეობისათვის არ არის სასურველი გადაადგილება, ჯერჯერობით არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსახლეობამ უარი თქვა თურქეთის მიმართულებით შვებულების გატარებაზე.
თურქეთის მიმართულებით ტურები ყველაზე უფრო პოპულარულია ქართველ მომხმარებლებს შორის. ამას კი რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ის, რომ ფასი არის ყველაზე მისაღები, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმი არ მოქმედებს, თურქები სერვისის კუთხით საკმაოდ გამორჩეულები არიან და ფრენის ხანგრძლივობაც მცირეა. მინდა გითხრათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ გამაფრთხილებელ განცხადებას ჯერჯერობით ქართველი ტურისტის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია”,- აცხადებს თორნიკე გურული.
”გალერეა თრეველის” დამფუძნებელი აცხადებს, ამ დროისათვის საკმაოდ გადატვირთულია შენგენის ქვეყნის საკონსულოები და ფაქტობრივად აგვისტოს ბოლომდე საკონსულოში ჩაწერა რთულია.
”ამიტომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თურქეთის კურორტებს ანიჭებს უპირატესობას”,- აღნიშნა ”გალერეა თრეველის” დამფუძნებელმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ტერორისტული აქტებიდან და თავდასხმებიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გადაადგილებისაგან. კერძოდ, არდაჰანის, ერზერუმის, ერზინჯანის, ყარსის, იღდირის, აღრის, ვანის, ბითლისის, მუშის, ბინგოლის, ელაზიღის, თუნჯელის, მალათიას, შალნიურფასა და ჰაქქარის ვილაიეთების მიმართულებით გადაადგილებისგან.
”საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს”,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.