ქალაქ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში 46 მლნ ლარით იზრდება და საერთო მოცულობა 959 მლნ ლარი ხდება.
როგორც თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი, 20 მლნ ლარი გათვალისწინებულია სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად. აქედან დაახლოებით 17 მლნ ლარია გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, მოხდება ასევე ახალი გზის აღდგენა. დარჩენილი თანხა კი დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდება.
”ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია ბიუჯეტში გათვალისწინებული. მე მინდა საგანგებოდ აღვნიშნო კიდევ ერთი დეტალი, რომ 20 მლნ ლარი, რომელიც არის მიმართული სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებისათვის, ამ თანხიდან 10 მლნ 200 ათასი ლარი არის ”ფონდი ქართუდან” და ”ბანკი ქართუდან” გადმორიცხული. დანარჩენი 9 მილიონი ითვალისწინებს სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, მათ შორის ეს არის ოლიმპიადის 5 მლნ ლარით დაფინანსება. თავიდანვე საქართველოს მთავრობას ჰქონდა გამოყოფილი ეს თანხა, რომ საერთაშორისო დონეზე ყოფილიყო ოლიმპიადის გაშუქება”, _ ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.