საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა "აქტივების ფლობასა და მეწარმეობაზე გენდერულად დიფერენცირებული მონაცემების" გამოკვლევის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. კვლევა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური დახმარებით ტარდება. საქართველოს გარდა, აზიის განვითარების ბანკი აღნიშნული კვლევის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მონღოლეთსა და ფილიპინებში ახორციელებს.
გამოკვლევის დროს დაახლოებით 2 500 შინამეურნეობა გამოიკითხება, რის შედეგადაც დადგინდება, თუ რა ტიპის აქტივებს ფლობენ და განკარგავენ შინამეურნეობის სრულწლოვანი წევრები სქესის მიხედვით. აღნიშნული გამოკვლევა გენდერული კვლევების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე 2-6 აგვისტოს კაჭრეთში სამუშაო შეხვედრა მოეწყობა, რომელსაც აზიის განვითარების ბანკისა და გაეროს სტატისტიკის განყოფილების წარმომადგენლები ჩაატარებენ. სამუშაო შეხვედრას დაესწრება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი და აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი ხელმძღვანელი ქეთი ჯულიანი. შეხვედრის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კვლევის ინსტრუმენტარის ტესტირება.
კვლევის საველე სამუშაოები სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარდება, ხოლო საბოლოო მონაცემების გამოქვეყნება 2016 წლის მეორე კვარტალში იგეგმება.