ცნობილი ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე საქართველოს საზღვრებს გარეთ მაღაზიების ქსელს აფართოებს. როგორც სააგენტო „ჯი- ეიჩ- ენს“ დიზაინერმა განუცხადა, ფილიალს ოქტომბერში აზერბაიჯანში გახსნის. გარდა ამისა, მას აქვს მოლაპარაკებები უკრაინის, ყაზახეთის და რუსეთის სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლებთან.
„ვფართოვდებით, ამჟამად უცხო ქვეყნებზე გვაქვს გეზი. მაღაზია გავხსენით სომხეთში, ახლა ოქტომბერში ერთ ფილიალს დავამატებთ აზერბაიჯანში. ასევე განვიხილავთ წინადადებებს ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით.
შეხვედრები გვაქვს უკრაინის, ყაზახეთის და რუსეთის რამდენიმე ქალაქის წარმომადგენლებთან. ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოსკოვში მაღაზიის გახსნაზეც. საცდელი პერიოდები გვაქვს, ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში, შერეულ მაღაზიებში გაიტანენ ჩვენს პროდუქციას.
10 წელია, რაც სხვადასხვა ქვეყანაში ვმუშაობთ. რაც შეეხება საქართველოს, აქ ოთხი მაღაზიით ვართ წარმოდგენილნი. აქედან სამი თბილისში და ერთი ბათუმში მდებარეობს “, _ აღნიშნა ავთანდილ ცქვიტინიძემ.