საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო JARUS-ის წევრი გახდა. ორგანიზაციის- „Joint Authorities for Rulemaking on Unmanned Systems“ მიზანია უპილოტო საფრენი აპარატების სერტიფიცირებასთან, მათ საჰაერო სივრცესა და აეროდრომზე ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ტექნიკური და საავიაციო უსაფრთხოების მოთხოვნების სისტემატიზება და საავიაციო ხელისუფლებებისათვის შეთავაზება.
JARUS ევროკავშირის წევრი და არა-წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების, ასევე საავიაციო უსაფრთხოების რეგიონალური ორგანიზაციების ექსპერტებს აერთიანებს. მისი წევრებია EASA, EUROCONTROL, ავსტრალიის, ბრაზილიის, კანადის, ჩინეთის, საფრანგეთის გერმანიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და სხვა ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებები.
ორგანიზაციის მიერ მიღებული სახელმძღვანელო მასალები და რეკომენდაციები წევრ საავიციო უწყებებს ხელს უწყობს უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებასა და დახვეწაში.
დღეისათვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება მთელ მსოფლიოში აქტუალურია. ამავდროულად, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს აღნიშნული აპარატების გამოყენებისას ფრენების უსაფრთხოების დაცვა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად მუშაობს უპილოტო საფრენი სისტემების საავიაციო სექტორში ინტეგრაციის მიზნით. სააგენტოს ინიციატივით, ევროკონტროლთან მიმდინარე პროექტის ფარგლებში, უკვე გაიმართა და მომავალშიც იგეგმება სამუშაო შეხვედრების ორგანიზება საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების უსაფრთხოდ ექსპლუატირების სამოქმედო გეგმის განსაზღვრის მიზნით.
JARUS-ის წევრობა ხელს შეუწყობს უპილოტო საფრენი აპარატების ექსპლუატირების შესახებ ევროპული რეგულაციების და საუკეთესო პრაქტიკის ქართულ რეალობაში დანერგვას.