საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, სამინისტრო არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას ,,ჯი-ეიჩ-ენი” უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკაა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ბიზნეს სექტორი. მსგავსი კონსულტაციები და შეხვედრები ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გამართა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან როგორც საჯარო ფორმატში, ისე სამუშაო რეჟიმში. აღნიშნული საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალები ხელმისაწვდომია ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mof.ge და სოციალურ ქსელში (www.facebook.com/mofgeorgia; https://www.youtube.com/user/GeoMoF)
კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა 2012 წლის დეკემბერში, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციასთან - 2013 წლის 25 თებერვალს, როდესაც მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის დადგენაზე ბრძანების ამოქმედების ვადამ ურთიერთშეთანხმებით პირველ მაისამდე გადაიწია. ფინანსთა მინისტრის პირადი ინიციატივით შედგა გასვლითი შეხვედრები არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ქარხნებში - 2013 წლის 10 აპრილს „ბორჯომის“ ქარხანაში, 26 ივნისს „ნატახტარსა“ და „ზედაზენში“. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, კონსულტაციები შედგა ასევე ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით.
ფინანსთა სამინისტროს არასდროს, არც ერთ ფორმატში უარი არ უთქვამს კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. სამინისტრო დღესაც მზადაა, ასეთ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად და კიდევ ერთხელ, მთავრობის არგუმენტებისა და მოსაზრებების წარსადგენად.
რაც შეეხება არაალკოჰოლური სასმელების ელექტრონული მარკირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იგი შესაბამისობაშია მსოფლიოში მიღებულ პრაქტიკასთან, რომელიც გულისხმობს როგორც აქციზური, ისე არააქციზური საქონლის მარკირებას და მისი მიზანია, აღნიშნულ სფეროში აღრიცხვიანობის მოწესრიგება.