ბათუმში გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსდებაზე კომპანია ”სახლი ხეივანში” იზრუნებს. კომპანიამ ”სახლი ხეივანში” ბათუმში, ტბ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ. N5-ში მდებარე 2095 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი გმირთა ხეივანში მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობას ააშენებს, რომელიც თავის მხრივ არანაკლებ 80 ნომერზე გათვლილი სასტუმროს, საცხოვრებელი აპარტამენტებისა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობას ითვალისწინებს.
ინვესტორმა ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა 40 თვის ვადაში უნდა განახორციელოს, ასევე ნაგებობის ექსპლუატაციაში შეყვანიდან 6 თვის განმავლობაში შენობა-ნაგებობის ნაწილში, არანაკლებ 1000 კვ.მ. ფართზე საზოგადოებრივი კვების ობიექტ(ებ)ის (სამინისტროსთან შეთანხმებით მოეწყოს ერთ-ერთი მაინც შემდეგიდან: “ლაუნჯი“-ბარი, ბარი, კაფე, ლუდის ბარი (ბრენდირებული)) და გასართობი ცენტრის - კინოთეატრის მოწყობა, უნდა უზრუნველყოს.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია მინიმუმ 9 მლნ დოლარის ინვესტირებაც განახორციელოს.
ობიექტის საწყისი ღირებულება აუქციონზე 32 ათას 3500 დოლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. ტერიტორიის ფართობია 3 ჰა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანი 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.
კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.