„ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა აბსოლუტურად გამჭვირვალე, კანონშემოქმედებითი პროცესი, რომლის განმავლობაშიც საქართველოს მთავრობა აწარმოებდა კონსულტაციებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და მიღებულ იქნა კანონპროექტი, რომელშიც წარმოდგენილი შენიშვნების უმრავლესობა იქნა გათვალისწინებული“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრი შეხვდა სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს საქართველოში, რა დროსაც განხილულ იქნა სავალუტო ფონდის მხრიდან წარმოდგენილი რამდენიმე დამატებითი შენიშვნა. პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომწარმოდგენილი, ამ დამატებითი შენიშვნების უდიდესი ნაწილი იქნას გათვალისწინებული და სექტემბერში, როდესაც შედგება სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში, პარლამენტში დამატებითი ინიცირებით გათვალისწინებულიიქნასსავალუტო ფონდის მხრიდან გამოთქმული დამატებითი შენიშვნები. შესაბამისად, მიზეზს იმისა, რომ ახალი ინიციატივების განხილვის რაიმე ახალი პროცესი დაიწყოს, ვერ ვხედავ და მიზანშეუწონლად მიმაჩნია, მოხდეს ახლიდან შესვლა კონსულტაციებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. აქედან გამომდინარე, ვეტოს დადების მიზეზს დღემდეც ვერ ვხედავდი, რადგან უკვე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იქნა გავლილი და მითუმეტეს, პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ აღარ რჩება ვეტოს გამოყენების არანაირი მიზეზი, თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პრეზიდენტს ამის უფლებამოსილება გააჩნია“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურის თემა მთავარი სადავო საკითხი, ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ სავალუტო ფონდის მხრიდან რამდენიმე მთავარი საკითხი იყო წარმოდგენილი. „საუბარი იყო ეროვნული ბანკის მხრიდან მონაწილე საბჭოს წევრებსა და საბჭოს დანარჩენ წევრებს შორის პარიტეტის დამყარებაზე, გათავისუფლების სიიოლესთან დაკავშირებით და გაზიარებულია ეს შენიშვნა. ასევე გაზიარებული იქნება შენიშვნა სასამართლოებთან დაკავშირებით, გაზიარებული იქნება კიდევ რამდენიმე შენიშვნა, რომლებიც უფრო ტექნიკური ხასიათისა. ერთადერთი საკითხი, რაზეც პოლემიკა იყო და, სავარაუდოდ, ვერ იქნება გაზიარებული, გახლავთ გარდამავალი პერიოდის ცხრა თვემდე გახანგრძლივების საკითხი, ვინაიდან ტექნიკურად ამის მიზეზები არ არსებობს.მთავრობა დათანხმდა იმას, რომ ორი დეპარტამენტი, რომელიც არის ეროვნულ ბანკში, თავისი შემადგენლობით იქნას გადმოყვანილი საბანკო ზედამხედველობის სამსახურში და საჭიროება იმისა, რომ ცხრათვიანი პერიოდი იქნას აღებული, რათა მოხდეს ახალი ინსტიტუსის შესვლა სრული მანდატით, იხსნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა შენიშვნა, გარდა ამ ერთი შენიშვნისა, სავარაუდოდ, იქნება გათვალისწინებული“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, აჟიოტაჟის მიზეზი აღარ უნდა იყოს, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებული იქნება. „რაც შეეხება ევროკავშირს, მისი პოზიცია არის ძალიან ცხადი. ამ ტიპის პრაქტიკა არსებობს ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან შეუსაბამობაზე საუბარი საერთოდ არ არის“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.