პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენიშვნებს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აბაშიშვილმა განაცხადა, რომ კონსულტაციები ასევე გრძელდება მსოფლიო ბანკთანაც.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი უკეთეს თავსებადობაში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოზიციებთან. სრულად ასახავს ევროპის საუკეთესო პრაქტიკას ასოცირების დღის წესრიგის თანახმად". ასევე სავალუტო ფონდის მიერ უკვე გამოთქმულ რეკომენდაციებთან”, _აღნიშნა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირიდან ადმინისტრაციაში მიღებულ წერილში აღნიშნულია, აღნიშნული კანონპროექტი არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადი და შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს არსებული სისტემის დამოუკიდებლობის და მმართველობის გაძლიერებას. ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებულ წერილში აბაშიშვილის თქმით, აღნიშნულია, რომ ფონდი არ არის შემოთავაზებული ცვლილებების წინააღმდეგი, რადგან, აღნიშნულის მიხედვით, საფინანსო ზედამხედველობა რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, რაც თავსებადია ფონდის მიწერ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემულ რჩევებთან.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის წინააღმდეგია. შესაბამისად არაა გამორიცხული პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ,,ეროვნული ბანკის შესახებ” კანონს ვეტო დაადოს.