2015 წლის ივლისის ბოლოს, ივლისიდან აჭარაში პირველად, კომპანია Fashion Group-ისა და საქართველოს მოდისა და დიზაინის ასოციაციის ორგანიზებით საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება, Adjara Fashion Week, ბათუმში პირველად გაიმართება და ოთხ დღეს გასტანს.
Adjara Fashion Week 30 ივლისიდან აუდიტორიას გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარუდგენს და სამომავლოდ ყოველწლიურ სახეს მიიღებს. ხსენებული პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის პოპულარიზაციას, ხელოვნებისა და მოდის განვითარებას, ამავდროულად პროექტის ძირითადი ამოცანაა ქართველ დიზაინერებს მიეცეს შესაძლებლობა საერთაშორისიო მასშტაბით წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები და მოწვეულ ბაიერებს ევროპისა და აზიიდან გააცნონ საკუთარი ნაწარმი, რაც თავის მხრივ ქართული მოდის ინდუსტრიის ხელშეწყობისა და დაწინაურების წინაპირობაა.
ღონისძიების ფარგლებში ბათუმს სხვადასხვა მაღალის დონის სტუმარი ეწვევა; კრიტიკოსებს, ბაიერებს, ბლოგერებს, ჟურნალისტებს, რედაქტორებს პოპულარული მოდის გამომცემლობიდან და დიზაინერებს აჭარის მოდის კვირეული უმასპინძლებს.
Adjara Fashion Week-ის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ძალისხმევითა და ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმს ე.წ. Buyer-ები ესტუმრებიან ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან.
აღსანიშნავია, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტო თბილისის მოდის კვირეულებზე აქტიურად იყო ჩართული და ამჯერადაც ხელს უწყობს ქართული დიზაინერების ნამუშევრებისა თუ კომპანიების ნაწარმის საზღვრებს გარეთ გატანას, რასთან ერთადაც მსოფლიო ბრენდებს შორის კავშირების დამყარებაშიც შეაქვს წვლილი.