ბათუმის დრამატული თეატრის კაპიტალური რეაბილიტაცია უკვე ერთი წელია რაც მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან და ქალაქის მერთან გია ერმაკოვთან ერთად მოინახულა. მიმდინარე პროცესი მათ სამშენებლო კომპანია „ელიტა-ბურჯის“ წარმომადგენელმა პირადად დაათვალიერებინა.
სარეაბილიტაციო პროექტი შენობის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. თეატრის შენობის ფასადს ჩაუტარდება რესტავრაცია და შენობას დაუბრუნდება ავთენტური სახე. პროექტის თანახმად განახლდება ასევე თეატრის ჭაღი და სკამები. შემოქმედებითი დასისთვის და ადმინისტრაციის წევრებისთვის მოეწყობა ოთახები. შეიცვლება გათბობისა და ვენტილაციის სისტემა. დამონტაჟდება ახალი განათების და გახმოვანების აპარატურა და სინქრონული თარგმანის აპარატი, რაც მისცემს თეატრს საშუალებას უმასპინძლოს საერთაშორისო ფესტივალებს. პროექტის თანახმად, თეატრში მოწვეული რეჟისორისთვის, მხატვრისთვის, მსახიობებისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად სამი სასტუმრო ნომერი მოეწყობა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დრამატულ თეატრს სამი სცენა ექნება. პირველ სართულზე განთავსდება მუზეუმი. ფოიეში მოეწყობა ხელოვანთა კაფე. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად სარეაბილიტაციო პროექტი შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგენტოსთან.
დღესვე არჩილ ხაბაძემ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, მელაშვილის ქუჩაზე მდებარე ახალი მცირე სცენა მოინახულა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს შეხვდა. მცირე სცენა იქნება ალტერნატიული ფართი არა მარტო დრამატული თეატრის დასისთვის, არამედ თეატრის მოყვარული საზოგადოებისთვის. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მცირე სცენის მშენებლობისთვის 240 000 ლარი გამოიყო. პროექტის თანახმად აშენდა ერთსართულიანი შენობა დაახლოებით 100 მაყურებელზე გათვლილი დარბაზით. სამუშაოები აწარმოა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს. „ჯი თი აი 2007“. თეატრის მცირე სცენა უახლოეს მომავალში ორი საპრემიერო ჩვენებით გაიხსნება.