პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად სამართლიანად ექცევა მოსახლეობას.
როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, წლების განმავლობაში მოსახლეობა იხდიდა ზედმეტობას, რაც მთავრობამ სამი წლის წინ დაამტკიცა კიდეც.
,,როდესაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში 3 წლის წინ, მაშინ ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით წამოიწია ტარიფის თემა. მაშინაც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ სემეკ-თან, მივაღწიეთ იმას, რომ სამომხმარებლო ტარიფი 3.54 თეთრით შევამცირეთ. ამ დრომდე ანალოგიური ნაბიჯი არცერთ მთავრობას არ გადაუდგამს. ანუ ჩვენ მაშინ ვნახეთ, რომ რეალურად შეიძლებოდა ტარიფის შემცირება და წლების განმავლობაში მოსახლეობა იხდიდა ზედმეტობას, რაც მიმაჩნია, რომ იყო დიდი უსამართლობა წინა მთავრობის მხრიდან ჩადენილი, დანაშაულიც კი. იმიტომ, რომ მოსახლეობას ზედმეტად ახდევინებდნენ შეგნებულად, ხელოვნურად. მე ვიცი, რომ კომპანიებს გარკვეული ზედმეტობაც უფიქსირდებათ, რომლებიც შემდეგ ჩამოეწერებათ, უფრო სწორად, მოხდება ამის კომპენსირება იმით, რომ ზარალი, რომელიც მათ მიიღეს, გაიქვითება. გაბათილდება ის ასე ვთქვათ ზედმეტობა, რომელიც დაუგროვდათ წლების განმავლობაში და ის ზარალი, რომელიც ახლა მიიღეს, ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ასე რომ, ჩვენ მაქსიმალურად სამართლიანად ვცდილობთ მოვექცეთ ჩვენს მოსახლეობას”, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის სხდომაზე დღეს ასევე აღინიშნა, რომ ტარიფების გაზრდის შემთხვევაში, მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სუბსიდირება მოხდება.